ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

28 იანვარი 2016

28 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ   თანამდებობაზე ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით,  ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი  იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი, მიუკერძოებელი,  ყოველგვარი გავლენებისგან ნეიტრალური, მათ შორის, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პიროვნება გახლავთ. ბუნებით რეფორმატორი და ნოვატორი და ძალუძს მართლმსაჯულების სისტემაში ახალი და ჯანსაღი სისხლი შეიტანოს და აქტიური როლი შეასრულოს ქართული სასამართლო სისტემის განვითარებაში.

 ,,აღვნიშნავ, რომ ბატონი ყანდაშვილის აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მოახდენს სასამართლო სისტემაში ახალი და ენერგიული, კვალიფიციური და რეფორმატორული სულისკვეთების გაჩენას და ხელს შეუწყობს არსებული სასამართლო სისტემის რეფორმირების პრაქტიკულ მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ და აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ერთდროულად პროფესიონალი, მართვის უნარებით, ეფექტური მმართველობითი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი პიროვნებები წარდგენილ იქნენ სასამართლო სისტემაში.

 

ჩვენ, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო კადრს ვთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტს!

გვაქვს იმედი, მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენდი გაითვალისწინებს იურიდიული პროფესიის რჩევას და მხარს დაუჭერს რა ჩვენს მიერ ნომინირებულ ღირსეულ კანდიდატს, მოახდენს ირაკლი ყანდაშვილის წარდგინებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე“.-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

 

პრესკონფერენციაზე ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმების ქვაკუთხედი ინდივიდუალური მოსამართლის როლის დამოუკიდებლობის გაძლიერება უნდა იყოს.

 

ირაკლი ყანდაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო  საბჭოს ხელმძღვანელი, მას გააჩნია 11 წლიანი წარმატებული საადვოკატო საქმიანობა. ამერიკაში აქვს მიღებული იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი,მიღებული აქვს თეორიული და პრაქტიკული განათლება გერმანიაში, კერძოდ, დამთავრებული აქვს ,,სახელმწიფო მართვის სკოლა’’ ბერლინში. იყო გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის პრაქტიკანტი ბერლინის და ბრიუსელის ოფისებში.  დამთავრებული აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ადვოკატებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გერმანიაში და გავლილი აქვს პრაქტიკა გერმანულ იურიდიულ კომპანიებში.ადვოკატი ყანდაშვილი არის ამერიკის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი სასამართლო უნარ-ჩვევებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტი სამართლებლივ საკითხებში, დავების ეფექტურად გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის მიერ აკრედიტირებული მედიატორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აკრედიტირებული მედიატორი, იგი გახლავთ ქართულ სამართლებლივ სივრცეში პირველი შრომითი მედიაციის მედიატორი და 2014 წლის საქართველოს მედიატორის წოდების მფლობელი.

ადვოკატ ყანდაშვილს აქვს სხვადასხვა მმართველობით თანამდებობებზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება, გახლდათ ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის’’ აღმასრულებელი დირექტორი, ,,საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი’’.

ირაკლი ყანდაშვილი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ,,ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს (CCBE) განათლების კომიტეტში. ბატონ ყანდაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე საერთაშორისო კონფერენციაში სხვადასხვა სახელმწიფოში, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. გახლავთ ავტორი 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის სხვადასხვა ენებზე.

 

პრეზიდენტს ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურას დღეს წარუდგენენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი